English / ქართული / русский /
გრიგოლ აბრალავა
სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფციის ჩამოყალიბებისა და განვითარების თეორიული საფუძველი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია თეორიული შეხედულებები, რომლებმაც სათავე დაუდეს სოციალური საბაზრო მეურნეობის დამოუკიდებელ თეორიას; იმ მეცნიერთა მოსაზრებები, რომელთაც შექმნეს თეორია და სისტემაში მოიყვანეს მისი დებულებები;  სპეციალისტთა შეხედულებები, რომლებმაც განავითარეს აღნიშნული თეორია. შემოთავაზებულია თეორიული პოზიციების თანამედროვე პირობებში გამოყენებისას წარმოქმნილი წინააღმდეგობების მიმოხილვა და ავტორთა შეხედულება ამ წინააღმდეგობათა ბუნებასთან დაკავშირებით.

საკვანძო სიტყვები: სოციალური საბაზრო ეკონომიკა; სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფცია; ორდოლიბერალიზმი; ნეოლიბერალიზმი; წესრიგის პოლიტიკა; სოციალური საბაზრო მეურნეობის პრაქტიკული მოდელი. 

შესავალი 

არცერთი ცალკე აღებული ეკონომიკური ან სოციალურ-ეკონომიკური კონცეფცია არ წარმოიქმნება არაფრისგან - მას აუცილებლად უდევს საფუძვლად (ამა თუ იმ დოზით) ადრე შემუშავებული თეორიები, უკვე გამოთქმული თვალსაზრისი. სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფცია გამონაკლისს არ წარმოადგენს, ამიტომაც მისი სრულად კვლევისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია საბაზისო თვალსაზრისების წინასწარი დახასიათება (კვლევის ცენტრალური თემის გათვალისწინებით - მხოლოდ მისი ძირითადი დებულებების ფარგლებში).

ძირითადი ნაწილი 

საბაზისო თეორიების ზოგადი შეფასება. გერმანული სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფციის (Soziale Marktwirtschaft) ბაზას წარმოადგენს ორდოლიბერალიზმის თეორია (Ordoliberalismus). ამასთან, ორდოლიბერალიზმი, არსებითად, წარმოადგენს ნეოლიბერალიზმის თეორიის (Neoliberalismus) გერმანულ ვარიანტს[1], რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია კლასიკური ლიბერალიზმის (Liberalismus) თეორიაზე. პირველ რიგში, ისტორიულად ჩამოყალიბებული რიგითობის შესაბამისად, განვიხილავთ ლიბერალიზმის თეორიას.

ეკონომიკური ლიბერალიზმის თეორია, როგორც შეხედულებათა სისტემა, სათავეს იღებს ინგლისელი კლასიკოსების ადამ სმიტისა და დავიდ რიკარდოს ნაშრომებიდან, სადაც წამოაყენეს მოთხოვნა: მიეცით ადამიანებს საშუალება აკეთონ ის, რაც მათ სურთ. ლიბერალიზმი აღიარებს პირადი ინტერესებით განპირობებული ინდივიდუალური საქმიანობის წამყვან როლს. თეორიის ძირითადი პრინციპია მეურნე სუბიექტების მაქსიმალური თავისუფლების უზრუნველყოფა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მკაცრად შეზღუდვა (Laissez faire-ს პოზიციის ერთგულება).

ლიბერალიზმის მომხრეთა თეორიული მრწამსი შეიძლება გამოიხატოს შემდეგ დებულებებში:

  • · მეურნეობრიობის ყველაზე ეფექტიან სისტემად მიიჩნევა საბაზრო სისტემა - იგი ქმნის საუკეთესო პირობებს ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის;
  • · საბაზრო სისტემას გააჩნია თვითრეგულაციის უნარი, რითაც უზრუნველყოფს „ბუნებრივი წესრიგის“ (Ordnung) არსებობას;
  • · ბუნებრივი წესრიგი აყალიბებს და ინარჩუნებს პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების ოპტიმალურ კომბინაციას;
  • · თავისუფალ საქმიანობას ხელს უშლის მონოპოლიების წარმოქმნა და (ან) სახელმწიფოს ჩარევა;
  • · სახელმწიფო ვალდებულია მხოლოდ უზრუნველყოს კონკურენციის პირობები.

საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა კონცეფციებს საფუძვლად უდევს ლიბერალიზმის კონკრეტული სახეები (რომელთაც საინტერესოდ განიხილავს პ. კოზლოვსკი )[2]. ჯერ ერთი, ეს გახლავთ ტრადიცია, რომლის ისტორიაც იწყება ადამ სმიტისა და შოტლანდიური სკოლის წარმომადგენლებიდან (იმის გათვალისწინებით, რომ ა. სმიტის გავლენა საკმაოდ ბევრ სკოლაში შეინიშნება), რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კერძო ინტერესებს. მეორე, საზოგადოებრივი გონისა და ლოგიკის პრინციპზე დაფუძნებული ტრადიცია, რომელმაც ასახვა ჰპოვა იურგენ ჰაბერმასის (uergen Habermas) ნაშრომებში. მესამე, ქრისტიანული, განსაკუთრებით კათოლიკური დოქტრინა, რომელიც ბაზარს აღიქვამს კოორდინაციის მექანიზმად, მაგრამ მოითხოვს, რომ ინსტიტუციონალური და სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებას (ავგუსტინესა და თომა აქვინელის შრომები). პიტერ კოზლოვსკის მოსაზრებით (Peter Koslowski), სოციალური საბაზრო მეურნეობის მექანიზმის კონცეფცია ყალიბდება კლასიკური და ქრისტიანული ეკონომიკური შეხედულებების საფუძველზე (თითქმის თანაბარი პროპორციით).

ნეოლიბერალიზმი უნდა გავიგოთ როგორც ლიბერალების კლასიკური შეხედულებების ვარიაცია, რომელიც გამოხატავს ტოტალიტარული საზოგადოებრივი სისტემების მიუღებლობას და უშვებს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ელემენტების არსებობას. ნეოლიბერალური ეკონომიკური და სოციალური პროექტები აუცილებლად შეიცავენ მონოპოლური ძალაუფლებისგან კონკურენციის დაცვის კონსტიტუციით ან კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას. ისინი განსხვავებულია იმ მიმართულებების შემუშავების თვალსაზრისით, რომლებიც იძლევა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას თავისუფლებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფენების მხარდაჭერის აუცილებლობასთან შეთავსების საფუძველზე. ნეოლიბერალური მიამრთულება წარმოადგენს სხვადასხვა შეხედულებების სისტემას. თანამედროვე პირობებში რამდენიმე „ნეოლიბერალური“ სკოლაა. მათ მიაკუთვნებენ ჩიკაგოს (ფრენკ ნაითი, მილტონ ფრიდმენი), ლონდონის (ლუდვიგ ფონ მიზესი, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი), ფრაიბურგის (ვალტერ ოიკენი, ლუდვიგ ერჰარდი) სკოლებს.

ჩიკაგოს სკოლის დამფუძნებელია ეკონომისტი და სოციოლოგი ფრენკ ნაითი (1885-1972). ნაითის შეხედულებით, ეკონომიკური თეორიის უპირველესი დანიშნულებაა წმინდა ეკონომიკური პროცესების განხილვა ტექნოლოგიური, სოციალური და სტრუქტურული ელემენტებისგან აბსტრაგირებულად. მის ნაშრომებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „უნიკალური გაურკვევლობის“ ფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია კონიუნქტურულ რხევებთან. მოგება არის რისკისა და წარმატების შედეგი, სტაციონარულად რეგულირებადი ეკონომიკის პირობებში იგი მიუღწეველია. ფ. ნაითი პრიორიტეტულად მიიჩნევდა მხოლოდ „კონკურენტულ ეკონომიკას“. ფ. ნაითის მიმდევრები არიან მილტონ ფრიდმენი და ჯორჯ სტიგლერი (1911-1991).

ნეოლიბერალიზმის ლონდონის სკოლა ითვლება კლასიკურ სკოლად. მისი დამფუძნებელია ლუდვიგ ფონ მიზესი. ლუდვიგ ფონ მიზესი (1881-1973) ძირითადად განიხილავდა ცვალებად ეკონომიკურ პირობებში კონკურენციის საკითხებს და ეკონომიკური წონასწორობის პრობლემებს. იგი ამტკიცებდა[3], რომ ცენტრალიზებულად რეგულირებადი ფასები შეუძლებელს ხდის ეკონომიკური წონასწორობის მიღწევას გეგმური ეკონომიკის პირობებში. ამის შედეგად, ცენტრალიზებული ეკონომიკა (თავისუფლად ცვალებადი ფასების მიღმა) არ ითვალისწინებს ეფექტიანი დაგეგმვის ინსტრუმენტების არსებობას. ცენტრალიზებული გეგმიური სახელმწიფო ეკონომიკის სისტემებს მან „დაგეგმილი ქაოსი“ უწოდა.

თუკი ლ. მიზესი მიჩნეულია ლონდონის ნეოლიბერალიზმის სკოლის ფუძემდებლად, მის წარმომადგენელს ფ. ჰაიეკს (1899-1992), ლ. მიზესის მოსწავლეს, უწოდებენ ნეოლიბერალიზმის მამამთავარს. ჰაიეკის შეხედულებით, ბაზარი, როგორც სისტემა, უზრუნველყოფს უკიდურესად კონკრეტული ცოდნის სინთეზს უკიდურესად აბსტრაქტულ ცოდნასთან. პირველის ქვეშ იგულისხმება დროის, ადგილისა და მოქმედებათა ვითარების სპეციფიკური პირობების ინდივიდუალური ცოდნა[4]. ამ პირობების გამოყენების უნარი საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ინდივიდუალურ უპირატესობებს. თავისუფალი ბაზარი ქმნის წინაპირობებს ამ ცოდნის გამოყენებისთვის და ანიჭებს მფლობელს მისი განკარგვის უფლებას.

კონკურენცია ჰაიეკის შრომებში დინამიური პროცესია, ხოლო ცნება „სრულყოფილი კონკურენცია“ გამორიცხავს შესაძლო კონკურენტულ საქმიანობას[5]. კონკურენცია  განიხილება ახალი ცოდნის წარმოქმნის მეთოდად. ამას ხელს უწყობს აქამდე ყველასთვის უცნობი ახალი მოთხოვნილებების და მათი დაკმაყოფილების ახალი საშუალებების აღმოჩენა. გარდა ამისა, ეკონომიკური აგენტები იგებენ თუ რა შეუძლიათ რეალურად სხვებთან შედარებით. დასკვნა: კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა ამცირებს საზოგადოებისთვის მისაწვდომი ცოდნის მოცულობას. ჰაიეკის აზრით, კონკურენტული წესრიგის დაცვა არ უნდა იქნეს დაყვანილი Laissez faire-ის იდეამდე. სახელმწიფოს შეტევის შეჩერება შესაძლებელია, თუკი ლიბერალები დამოუკიდებლად შეიმუშავებენ და აამოქმედებენ თანამედროვე სამყაროში ამჟამად არსებული სიძნელეების აღმოფხვრის ღონისძიებებს. „კონკურენცია არის შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესი: ინფორმაციის გავრცელების გზით იგი ქმნის ეკონომიკური სისტემის ერთიანობასა და სინქრონულობას“[6]. სახელმწიფოს ჩარევა ხელს უშლის ინფორმაციის გავრცელებას, ამიტომაც მისი ფუნქციები მკაცრად უნდა იქნეს შეზღუდული[7].

  ორდოლიბერალიზმის პოზიცია. მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ლიბერალურ მოძრაობაში პარალელურად არსებობდა თანამოაზრე ეკონომისტების ორი ჯგუფი. ერთი მხრივ, ორდოლიბერალები, ანუ ფრაიბურგის სკოლის წარმომადგენლები - საკუთრივ ლიბერალები ვალტერ ოიკენისა და ფრანც ბიომის მეთაურობით, მეორე მხრივ კი - სოციალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეები, რომელთა შორის იყვნენ ალფრედ მიულერ-არმაკი  (Alfred Müller-Armack, 28.06.1901 - 16.03.1978) და ლუდვიგ ერჰარდი (Ludwig Erhard, 4.02.1897 - 5.05.1977). სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფციის ჩაოყალიბებისა და რეალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ალექსანდრ რიუსტოვმა (Alexander Rüstow) და ვილჰელმ რიოპკემ (Wilhelm Röpke), ჰუმანისტური ტრადიციის ნეოლიბერალიზმის მომხრეებმა[8].

აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენელთა შეხედულებების ერთიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ საზოგადოების პიროვნული თავისუფლება თავისთავად წარმოადგენდა ფასეულობას. ამის გამო, სოციალური საბაზრო ეკონომიკა მათი მხრიდან განიხილებოდა არა დანგრეული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული რეკომენდაციების ნაკრებად, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური წესრიგისა და იმ სფეროების ჩამოყალიბებისკენ მიმართულ პროგრამად, რომელთა თავისუფლებაც წარმოადგენს ეფექტიანობის ძირითად პირობას[9].

გერმანულ ორდოლიბერალიზმს, ფრაიბურგში (Freiburg), 1930-იანი წლების დასაწყისში, საფუძველი ჩაუყარა ეკონომისტმა ვალტერ ოიკენმა (Walter Eucken, 17.01.1891 - 20.03.1950) და იურისტმა ფრანც ბიომმა (Franz Böhm, 16.02.1895 - 26.09.1977).

ორდოლიბერალიზმის მოძღვრება აგებული იყო კონკურენციის პრინციპებზე, ანუ იმგვარ სიტუაციაზე, როდესაც გამყიდველების დიდი ნაწილი უპირისპირდება მყიდველების დიდ ნაწილს და ვერცერთი ინდივიდუმი, ასევე მათი გაერთიანება ვერ მოახდენს გავლენას საბაზრო ფასზე. ორდოლიბერალებს სწამდათ, რომ მხოლოდ ყოველი ინდივიდუუმის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ სამეურნეო (ან ეკონომიკური) წესრიგს (Wirtschaftsordnung) შესწევს ძალა უზრუნველყოს საზოგადოება შეზღუდული სიკეთეებით და განუხრელად აამაღლოს საყოველთაო კეთილდღეობა. თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად განიხილება კონკურენციის დაცვა. მიიჩნევა, რომ კონკურენციის პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის: უნდა იქნეს მიღებული უნივერსალური კონკურენციის პრინციპი, რომელიც დაუპირისპირდება კერძო პირებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის მონოპოლიზაციის ნებისმიერ მცდელობას. მათი აზრით, კონკურენტული ბაზრის განვითარებული სისტემა საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად.

კერძოდ, ვალტერ ოიკენი ამტკიცებდა, რომ ყოველი კონკრეტული სისტემა ეყრდნობა ადამიანთა მოთხოვნილებების, ბუნებრივი პირობების, სამუშაო ძალის, სასაქონლო მარაგების, ტექნიკური ცოდნის, სამართლებრივი და სოციალური წესრიგის (წესრიგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება) კომბინაციას. წესრიგი თავისთავად არ მყარდება, მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო, რის შედეგადაც იგი ბუნებრივი ხდება, ვინაიდან მას მოსდევს სრული კონკურენციისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარება, რაც შეესაბამება თავად ადამიანის  ბუნებას და ეკონომიკური თავისუფლების ძირითად პრინციპებს[10].

ვალტერ ოიკენი ერთმნიშვნელოვნად უპირატესობას ანიჭებდა თავისუფალ საბაზრო მეურნეობას. მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა კონკურენციის  ძირითადი პრინციპები:

  • · კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;
  • · ფულისა და ეროვნული ვალუტის სტაბილური მიმოქცევა;
  • · ღია ბაზრები;
  • · ყველა გარიგებებისა და ხელშეკრულებების თავისუფლება, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთა მიზანია კონკურენციის შეზღუდვა;
  • · ყოველი ინდივიდუუმის პასუხისმგებლობა მის მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე (ანუ ფიქტიური კომპანიების დაუშვებლობა);
  • · ეკონომიკური პოლიტიკის მუდმივობა.

არგუმენტირებულადაა წარმოდგენილი თვალსაზრისი, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება განვიხილოთ როგორც წესრიგისა და რეგულირების პოლიტიკა. წესრიგის პოლიტიკა (Ordnungspolitik) გულისხმობს რეალური წესრიგის დამყარებასა და სრულყოფას, რომლის არსებობის პირობებშიც ხორციელდება ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა. სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში არა მხოლოდ დაშვებული, არამედ წახალისებულია, ვინაიდან მისი მთავარი ფუნქციაა ეკონომიკური კონიუნქტურის რხევების ნეიტრალიზაცია, მონოპოლიების ძალაუფლების შეზღუდვა. თუმცა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ორი პრინციპი: აუცილებელია არსებული გავლენიანი საბაზრო სუბიექტების (მონოპოლიების) კონტროლი და ასევე საჭიროა შეიქმნას ეკონომიკური კონკურენტული წესრიგი (Wettbewerbsordnung) და არ მოხდეს ბუნებრივი ეკონომიკური პროცესების უბრალოდ რეგულირება[11]. რეგულირების პოლიტიკა  არის სამეურნეო განვითარებაზე ზემოქმედების პოლიტიკა, სადაც დაუშვებელია სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკურ პროცესში. ძირითადი მნიშვნელობა აქ ენიჭება სამართლებრივ და სოციალურ წესრიგს.

სოციალური საბაზრო მეურნეობა: კონცეპტუალური მიდგომების ვარიანტები. ალფრედ  მიულერ-არმაკის  თავისუფლებისა და სოციალური გათანაბრების პრინციპები. ვ. ოიკენისა და ფ. ბიომის შრომებმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი სოციალური საბაზრო მეურნეობის თეორიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბებას.

ტერმინი „სოციალური საბაზრო მეურნეობა“  (Soziale Marktwirtschaft) 1946 წელს პირველად დაასაბუთა და ბრუნვაში შემოიღო ალფრედ მიულერ-არმაკმა, ეკონომიკის პროფესორმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა 1958-1977 წლებში, ლუდვიგ ერჰარდის - გერმანული „ეკონომიკური სასწაულის“ შემოქმედის უახლოესმა თანამოაზრემ. იგი აღნიშნავდა, რომ აღნიშნულმა ფორმულირებამ თავდაპირველად გაოცება გამოიწვია, ვინაიდან 1946 წელს დამახასიათებელი იყო სოციალური უზრუნველყოფის სფეროს ეკონომიკური კონტროლი და უცნაური იყო საბაზრო ეკონომიკაში მოსახლეობის ფართო მასებისთვის უკეთესი წესრიგის ფორმირების პროცესის დანახვა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ „სოციალური საბაზრო მეურნეობა წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკურ წესრიგს“, რომლის დროსაც „თავისუფალი ბაზრის მიზანმიმართულად ორგანიზებული ეკონომიკა ნარჩუნდება სისტემის მარეგულირებელი კონკურენციის მეშვეობით და იძლევა სოციალური პროგრესის საიმედო გარანტიას - განსაკუთრებით იმის გამო, რომ უფრო ეფექტიანად შეიძლება ორგანიზებულ იქნას სოციალური პროგრესი თავისუფალი სისტემის ბაზაზე ამ სისტემის პრინციპების შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების და სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით შემოსავლების გადანაწილების გზით, როცა კონკურენციის განვითარება ქმნის ეკონომიკურ ბაზას სოციალური ღონისძიებებისთვის“[12].

მიულერ-არმაკი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო რეგულირების ელემენტების მქონე არსებული ეკონომიკური სისტემები გარდაუვლად იწვევენ ცალკეული ადამიანის ეკონომიკური თავისუფლების შეკვეცას და არღვევენ საბაზრო ფასწარმოქმნის მექანიზმს[13]. მხოლოდ სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში ხედავდა იგი ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფას სახელმწიფოასთან, მეწარმეებსა და დაქირავებულ მუშახელთან მიმართებით. მხოლოდ სოციალურ საბაზრო ეკონომიკას ძალუძს ყოველმხრივი ეკონომიკური ზრდის საუკეთესო შესაძლებლობების გარანტირებული განხორციელება, ვინაიდან მას საფუძვლად უდევს სოციალური სამართლიანობის პრინციპი.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად აუცილებელ პირობებს შორის იგი განსაკუთრებით გამოყოფდა:

  • ცენტრალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოების შექმნას, რომლებიც საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელებენ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას;
  • საგადასახადო რეფორმის გატარებას საგადასახადო ტვირთის იმ დონემდე შემცირებით, რაც სტიმულს მისცემს პიროვნულ ეკონომიკურ დაინტერესებას წარმოების გაფართოებისთვის;
  • ფინანსური სისტემის რეფორმის გატარებას დანახარჯების რადიკალური შემცირებისა და დავალიანებების აღსაკვეთად საბიუჯეტო წონასწორობის უზრუნველყოფის გზით;
  • ანტიმონოპოლური პოლიტიკის გატარებას ეკონომიკაში ძალაუფლების შესაძლო ბოროტად გამოყენების დასაძლევად;
  • დანგრევის პირას მისული ტოტალურად რეგულირებული ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკით ჩანაცვლებით.

ალფრედ მიულერ-არმაკი სოციალურ საბაზრო მეურნეობას განიხილავდა ეკონომიკური (Wirtschaftspolitik) და სოციალური (Sozialpolitik) პოლიტიკის განმსაზღვრელ საფუძვლად. საკვლევი კატეგორია მან დაახასიათა როგორც წესრიგი, რომელიც ისრუტავს ფასეულობებს, მაგრამ თავად არ ადგენს მათ, რასაც უწოდებს სოციალური პრობლემების გადაჭრის ერთგვარ საშუალებას. სოციალური საბაზრო მეურნეობის არსს იგი ხედავდა „წარსულის შემნარჩუნებელი პოლიტიკის გატარების ან საზოგადოებაში თავისუფალი ინიციატივის შემაფერხებელი ეკონომიკური კონტროლის დაწესების ან არაკონტროლირებადი საბაზრო მექანიზმის შემუშავების სანაცვლოდ სოციალური გადაწყვეტილების შეთავაზებაში, რომელიც გააერთიანებდა ყველა მიზანს ქმედით, რეალისტურ ჰარმონიაში“. ამასთან, მოცემული ფორმულირების ფასეულობას იგი ხსნიდა მითითებული კურსის პრაქტიკული რეალიზაციის პრინციპული შესაძლებლობით.

 ლ. ერჰარდის სოციალური საბაზრო მეურნეობის პრაქტიკული მოდელი. თანამედროვე პირობებში სოციალურ საბაზრო მეურნეობაში (სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში) იგულისხმება ეკონომიკური საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო ეკონომიკის (Marktwirtschaft) მაღალეფექტიანობას და მის საფუძველზე ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური სოციალური სამართლიანობის, უზრუნველყოფის დონისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გარანტირებას[14]. თეორიის ამგვარი განმარტება იდეალური გვეჩვენება. აქედან გამომდინარე, ლუდვიგ ერჰარდის დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ მან მოახერხა პრაქტიკაში სოციალური საბაზრო მეურნეობის მოდელის გამოყენება. „ვერანაირი ეკონომიკური სიტუაცია ვერ იქნება იმდენად უიმედო, რომ ხალხის ურყევი ნება და პატიოსანი შრომა ვერ გაუმკლავდეს მას - ასეთია ლ. ერჰარდის შეხედულება, რაც ხაზს უსვამს მის რწმენას გლობალური საწარმოს წარმატებასთან დაკავშირებით. „აღდგენის წარმატება იმ ადამიანების ძალისხმევისა და შრომის შედეგია, რომელთა მცდელობითა და თავდადებითაც შეიქმნა ის, რასაც დღეს მთელს მსოფლიოში „გერმანულ სასწაულს“ უწოდებენ“. თუმცა, თავად ერჰარდი ამტკიცებს: „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვისაუბრო რაიმე სახის გერმანულ „სასწაულზე“. ჩვენ დავწინაურდით სრულიად რეალური ძალებისა და ფაქტორების გავლენით“[15].

ლ. ერჰარდი შემდეგნაირად განსაზღვრავს სოციალური საბაზრო მეურნეობის პოზიციას. სოციალურ საბაზრო მეურნეობას საფუძვლად უდევს ინდივიდუმის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. საბაზრო მეურნეობა, საქმიანობის ობიექტური შედეგებისთვის ბრძოლაზე დაფუძნებული კონკურენციის ძალით, გამორიცხავს სახელმწიფოს ნებისმიერ მცდელობას ბოროტად გამოიყენოს სამეურნეო ძალა როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტი. სახელმწიფო წესრიგის პოლიტიკის ამოცანას წარმოადგენს თავისუფლების, წესრიგის, ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის ჰარმონიული ერთიანობა საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. მიზანია ყოველი ინდივიდუუმის უზრუნველყოფა აუცილებელი მინიმუმით და  ისეთი პირობების შექმნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერმა შეძლოს სასურველი მაქსიმუმის მიღება. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭების, მისი ენერგიის, ინიციატივისთვის სარბიელის შექმნის, ღირსეული არსებობის უზრუნველყოფის, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 

ერჰარდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ტერმინ „სოციალურის“ არსს. სოციალურობა დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობას არ განსაღვრავს მისი მასშტაბი. სწორი სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ყოველი ცალკე აღებული ადამიანის პოზიციების მხარდაჭერაზე: სახელმწიფოს მზრუნველობისგან დამოუკიდებელი მოქალაქე გადაიქცევა თავისუფალ ადამიანად. კეთილდღეობის ზრდის პირობებში სოციალური თვალსაზრისითაც გამართლებულია ცალკეული ადამიანებისთვის საკუთარ თავზე, ოჯახზე პასუხისმგებლობის დაკისრება. და ბოლოს, რაც უფრო მდიდარია საზოგადოება, მით ნაკლები ადამიანი საჭიროებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ სოციალურ სიკეთეებს.

 თანამედროვე შეხედულება სოციალური საბაზრო მეურნეობის თეორიაზე. ლუდვიგ ერჰარდის ფონდის პრეზიდენტი, ო. შლეხტი აღნიშნავს, რომ სოციალური საბაზრო მეურნეობის იდეამ წინ წამოიწია ჰუმანისტური და ქრისტიანულ-სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც ცენტრალური დაგეგმვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სახელმწიფო ეკონომიკისა და წმინდა კაპიტალიზმის (laissez-faire) თავისუფალი და ჰუმანური ალტერნატივა[16]. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით მაღალგანვითარებული საზოგადოების შესაქმნელად - ეკონომიკის განვითარების არცერთი მოდელი არ ითვალისწინებს ამას. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს, ვინაიდან ადამიანი უპირველესად ცდილობს საკუთარი ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც უფრო მაღალია საზოგადოების განვითარების დონე, მით მეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობას. გარკვეულწილად სწორედ ამ აუცილებლობით არის განპირობებული საზოგადოებრივი განვითარების დონე.

ხ. ბატრინის, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის მოსაზრებით, სოციალური საბაზრო ეკონომიკა განსხვავდება უფრო ძველი კონცეფციებისგან იმით, თუ როგორ წყდება განვითარებული საზოგადოების ძირითადი პრობლემა: უნდა იყოს თუ არა სოციალური საკითხები სახელმწიფოს საქმე? - არა. თუ გამოვდივართ თავისუფალი საზოგადოების იდეალის შესახებ წარმოდგენიდან, უნდა განმტკიცდეს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამოუკიდებლობა. მოქალაქეებმა დამოუკიდებლად უნდა აკონტროლონ აღნიშნული სისტემის ორგანოები, თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები[17].

კ.ვ. ნორი, ტიუბინგსკის უნივერსიტეტის პროფესორი, მიანიშნებს შესასწავლი კონცეფციის ერთგვარ ორმხრივობაზე. ერთი მხრივ, ბაზარი მოწოდებულია შექმნას და გაადიდოს საზოგადოებრივი პროდუქტი. ამ მიზნით ხდება ბაზრის სუბიექტების მოქმედებათა კოორდინირება - მათ უნდა იმოქმედონ თავისუფლად. მეორე მხრივ, ბაზრის პირობებში წარმოიქმნება „სახელმწიფო ღონისძიებათა ზონა“, რომლის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, სოციალური საბაზრო მეურნეობა წარმოადგენს მოქნილ, ცვალებად კონცეფციას[18].

სოციალური საბაზრო მეურნეობის მიმზიდველ არსს ერთგვარი ირონიით თვალსაჩინოდ გვიჩვენებს ე. იასაი: სოციალურ საბაზრო მეურნეობას „გარკვეულწილად გადმოაქვს კაპიტალიზმიდან... კერძო საკუთრების პირობებში მოგების მიღებისკენ სწრაფვა, თუმცა, იმავდროულად, ცდილობს მოგების გამოყენებას კეთილშობილური მიზნებისთვის, როგორიცაა სოლიდარობა, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა... ეს კი თავისუფალ ბაზარზე სოციალური პროდუქტის ეფექტიანი წარმოების მყარ გარანტიას წარმოადგენს“[19]. ამასთან, მისი აზრით, მოცემული დებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას ნეგატიური შედეგები აქვს. ასე მაგალითად, როცა „იცავენ უინიციატივოებს, დაჰფოფინებენ მრეწველობის სუსტ დარგებს“, აქტიურად იცავენ სამამულო წარმოებას უცხოელი კონკურენტებისგან, იწყება ეროვნული მეურნეობის ჰარმონიული სტრუქტურის თანდათანობითი რღვევა, იზრდება წარმოების ხარჯები, მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და მათი შექმნის სტიმულები, რეალური ხელფასი. და ბოლოს, „წარმოიქმნება მოჯადოებული წრე: რაც უფრო ნათლად წარმოჩინდება უყაირათობა, მით უფრო ხმამაღლა გაისმის მოწოდება სოციალური ხასიათის ზომების მისაღებად და უსამართლობის შესარბილებლად“. შედეგი კი ასეთია: იქმნება მაღალდანახარჯიანი ეკონომიკა, რომელსაც არ შესწევს პერსპექტიული განვითარების ძალა. ამასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ა. მიულერ-არმაკის მიერ გაკეთებული შენიშვნა სოციალურ სამართლიანობასთან (Soziale Gerechtigkeit) დაკავშირებით: „სოციალური სამართლიანობა არ ნიშნავს ყველას - თანაბრად, არამედ ყველას - თავისი წილი, ანუ მისი საქმიანობის შედეგების შესაბამისად“[20]. „სოციალური სამართლიანობისა“ და „სოციალური უზრუნველყოფის“ ცნებების აღრევა, მისი აზრით, წარმოადგენს ადამიანებისთვის პირადი სამეურნეო პასუხისმგებლობის მოხსნისა და კოლექტიური დაცულობით ჩანაცვლების მცდელობას.

1991 წ. პირველად გამოქვეყნდა ე. იასაისა და ი. შტარბატის დისკუსია, სადაც თანმიმდევრულად გაანალიზდა და დაბალანსდა სოციალური საბაზრო ეკონომიკის თეორიის წინააღმდეგობები, რომლებიც შეეხებოდა წარმოებისა და განაწილების ბუნებას, „სოციალური საბაზრო ეკონომიკის „სოციალისტურ საფუძველს“, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო მეურნეობის ეფექტიანობას. გვსურს ცალკე შევჩერდეთ კერძო დასკვნაზე, რაც გააკეთეს დიალოგის მონაწილეებმა.

ი. შტარბატი საუბრობს იმაზე, რომ „ამჟამად რეალიზებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ფორმა ახდენს ეფექტიანობის დაქვეითების პროვოცირებას და გარდაუვალს ხდის კონცეფციის გადახედვას“. თუმცა, დიალოგის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში განიხილება ძირითადად ეკონომიკური ეფექტიანობა: საუბარია კონკურენციის შესუსტებაზე, ბაზრის ნგრევაზე, რომელსაც წარმოქმნის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის გარკვეული ფენების მხარდაჭერა. აღნიშნულ მტკიცებასთან დაკავშირებით უნდა მოვიშველიოთ ლ. ერჰარდის თვალსაზრისი: „როცა სოციალური პოლიტიკის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ნებისმიერი ადამიანი... დაცული იყოს ცხოვრებისეული განსაცდელისგან... არ შეიძლება მოვითხოვოთ მათგან... ისეთი თვისებების საჭირო დოზით გამოვლენა, როგორიცაა სასიცოცხლო ძალა, ინიციატივა, მიღწევები მწარმოებლურობაში და სხვა საუკეთესო თვისებები“[21]. მას მხარს უჭერს და მოსაზრებას ავითარებს ვ. გუტნიკი: „საუკეთესო სოციალური წესრიგი არსებობს არა იქ, სადაც საზოგადოებრივი პროდუქტის გადანაწილების გზით უზრუნველყოფილია მაქსიმალურად ფართო სოციალური მხარდაჭერა, არამედ იქ, სადაც ასეთი დახმარება მოქალაქეთა მინიმალურ რაოდენობას სჭირდება“[22]. სასტარტო შესაძლებლობების თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა საზოგადოების ყოველ წევრს ახალგაზრდულ ასაკში - შრომითი საქმიანობის დაწყებისას. იქმნება პირობები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის უნარების განვითარებას და მათ რეალიზაციას პიროვნებისთვის სასურველი ზომით.  შემდგომ კი, პიროვნული წარმატების ხარისხი დამოკიდებულია მხოლოდ უნარების განვითარების დონესა და მათ რეალიზაციაზე დახარჯულ ძალისხმევაზე. 

დასკვნა 

მოსაზრება „ამჟამად რეალიზებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ ფორმასთან დაკავშირებით უმეტესად სამართლიანია, მაგრამ მხოლოდ კონიუნქტურული მიდგომის გათვალისწინებით - სად, რა პირობებში რეალიზებად ფორმაზე? სწორედ რეალიზაციის პირობები განაპირობებენ საბოლოოდ საწარმოს წარმატებას (გავიხსენოთ ზემოთ მოყვანილი ერჰარდის სიტყვები). ამიტომაც, ვფიქრობთ, თეორიის განვითარების თანამედროვე მიმართულებები პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მეურნეობრიობის სისტემის კონიუნქტურასა და ეროვნულ მენტალიტეტზე და მხოლოდ ამის შემდგომ - კონცეფციის გადახედვაზეშესაბამის ჭრილში.

აღნიშნული საკითხი დღემდე სადავოა. კერძოდ, აღნიშნული გარემოება განპირობებულია ა. მიულერ-არმაკის თვალსაზრისით. იგი იხრებოდა იმ აზრისკენ, რომ სოციალური საბაზრო მეურნეობა არ უნდა იქნეს განხილული ნეოლიბერალიზმის სახესხვაობად, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს გამართლებულია. სოციალური საბაზრო მეურნეობა მრავალ მნიშვნელოვან იდეას იღებს ნეოლიბერალიზმიდან, თუმცა „სოციალური საბაზრო მეურნეობის კონცეფცია სხვა ფესვებიდანაა აღმოცენებული. ეს ფესვებია დინამიკურ თეორიასა და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში, რომლებიც წარმოიქმნა ოციან წლებში სახელმწიფოზე სხვაგვარი შეხედულების გავლენით და ცხოვრების წესის კონცეფციის განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვნად უარყოფდა ნეოლიბერალიზმი“. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ლუდვიგ ერჰარდი. კეთილდღეობა ყველასათვის. თბილისი 2011.
  2. Мюллер-Армак А. Принципы социального рыночного хозяйства Социальное рыночное хозяйство.Теория и этика экономического порядка в России и Германии. - СПб.: Экономическая школа, 1999.
  3. Козловски П. Виды капитализма – виды либерализма / Социальное рыночное хозяйство и разновидности капитализма // Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России и Германии. - СПб.: Экономическая школа, 1999.
  4. Хайек Ф.А. Конкуренция как процедура открытия // Мировая экономика и международные отношения. - 1989. - №12; Хайек Ф.А. Смысл конкуренции / Индивидуализм и экономический порядок. - М.: Изограф, 2001.
  5.  Ойкен В. Основные принципы экономической политики. - М.: Прогресс - Универс, 1995.
  6. Мюллер-Армак А. О свободе и социальной справедливости / Предложения по осуществлению социальной рыночной экономики / Социальное рыночное хозяйство // Политэконом. - 1996. – №1.
  7.  Эрхард Л. Полвека размышлений: Речи и статьи. - М.: Руссико: Ордынка, 1993 (к 90-летию Людвига фон Мизеса).


[1] Мюллер-Армак А. Принципы социального рыночного хозяйства / Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России и Германии.  -  СПБ.:  Экономическая  школа, 1999).

[2] Козловски П. Виды капитализма – виды либерализма / Социальное рыночное хозяйство и разновидности капитализма // Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России  и   Германии.  - СПб.: Экономическая  школа, 1999

[3] Костюк В.Н. История экономических учений. - М.: Центр, 1997

[4] Капелюшников Р. Свободный ум в несвободную эпоху. - М.: Изограф, 2001

[5] Хайек Ф.А. Конкуренция как процедура открытия // Мировая экономика и международные отношения. - 1989. - №12; Хайек Ф.А. Смысл конкуренции / Индивидуализм и экономический порядок. - М.: Изограф, 2001

[6] Хайек Ф.А. Смысл конкуренции / Индивидуализм и экономический порядок. - М.: Изограф, 2001

[7] Хайек Ф.А. Пагубная самонадеянность: Ошибки социализма. - М.: Новости, 1992

[8] Социальное рыночное хозяйство в Гермнии: Истоки, концепция, практика / А. Ю. Чепуренко (общ. ред.) – М.: «Российская политическая энциклопедия» (РОССПЭН), 2001

[9] Ватрин Х. Социальная рыночная экономика – основные идеи и их влияние на экономическую политику Германии / Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России и   Германии.  -  СПб.:  Экономическая  школа, 1999

[10] Ойкен В. Основные принципы экономической политики. - М.: Прогресс - Универс, 1995

[11] Ойкен В. Основы национальной экономии. - М.: Экономика, 1996

[12] Мюллер-Армак А. Принципы социального рыночного хозяйства / Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России и Германии.  -  СПб.: Экономическая  школа, 1999

[13] Мюллер-Армак А. О свободе и социальной справедливости / Предложения по осуществлению социальной рыночной экономики / Социальное рыночное хозяйство // Политэконом. - 1996. – №1

[14] Васина Л.Л. Социальное рыночное хозяйство: Словарь терминов. - М.:ИНФРА-М, 1997

[15] Эрхард Л. Полвека размышлений: Речи и статьи. - М.: Руссико: Ордынка, 1993 (к 90-летию Людвига фон Мизеса).

[16] О.Шлехт. Этическое содержание социального рыночного хозяйства. - СПб.: Экономическая школа, 1999

[17] Ватрин Х. Социальная рыночная экономика – основные идеи и их влияние на экономическую политику Германии / Социальное рыночное хозяйство. Теория и этика экономического порядка в России и   Германии.  -  СПб.:  Экономическая  школа, 1999

[18] Нерр К.В. Социальное рыночное хозяйство и правовой порядок Германии.  -  СПб.:  Экономическая  школа, 1999

[19] Э Ясаи. Социальное рыночное хозяйство: социализм в иной форме / Социальное рыночное хозяйство // Политэконом. - 1996. – №1

[20] Мюллер-Армак А. О свободе и социальной справедливости / Предложения по осуществлению социальной рыночной экономики / Социальное рыночное хозяйство // Политэконом. - 1996. – №1

[21] Эрхард Л. Благосостояние для всех: Репринт. воспроизведение: Пер. с нем. / Авт. предисл. Б.Б. Багаряцкий, В.Г. Гребенников. - М.: Начала-Пресс, 1991

[22] Гутник В.П. Социальное государство / Социальный порядок и проблемы его реформирования // Политика хозяйственного прядка в Германии / В.П. Гутник; РАН, Ин-т мир. Экономики и межд. Отношений. – М.: ЗАО «Издательство «Экономика», 2002.